function atlpdp1(){for (wi=0; wi
 

magnika


 
PortalPortal  HomeHome  Latest imagesLatest images  RegisterRegister  Log inLog in  

  1. 1

    www.magnika.net - ქართული მაგიური ფორუმი

    1) საიტერესო თემები, რჩევები, უფასო ბიბლიოთეკა და უამრავი მასალა მაგიის ეზოთერიკის და ოკულტიზმის შესახებ.

    2) ფორუმის განყოფილებები, სადაც არის შესაძლებელი დატოვოთ თქვენი კომენტარები, კითხვები და მიიღოთ საჭირო პასუხები.

    3) შემოგვიერთდით, დარეგისტრირდით, გახდით ფორუმის აქტიური მომხმარებელი და მიიღეთ მონაწილეობა დისკუსიებში, სადაც განვიხილავთ საინტერესო თემებს მაგიის და ეზოთერიკის შესახებ.

    ფორუმზე გადასვლა
  2. 2

    მანტიკა

    1) მანტიკა (ძვ.ბერძნული - μαντική) სიტყვაა, რაც მარჩიელობას, მკითხაობას ნიშნავს, ძველად საბერძნეთსა და რომში მანტიკას იყენებდნენ ღმერთების ნების გამოსავლენად, ამისათვის მარჩიელობის სხვადასხვაგვარ მეთოდს იყენებდნენ.

    2) ჩვენი ფორუმის მეშვეობით, ჩვენც შევეცადეთ თქვენთვის შემოგვეთავაზებინა მარჩიელობების უამრავი მეთოდი, უძველესი და თანამედროვე მარჩიელების მიერ შემუშავებული და დღემდე მოღწეული.

    3) მანტიკის მოყვარულთათვის გაიხსნა გვერდი სადაც შეგეძლებათ იმარჩიელოთ და გაიგოთ თქვენი წარსული, აწმყო და მომავალი.

    მანტიკის გვერდი
  3. 3

    CURRENT MOON
  4. 4

  5. 5

  6. 6

  7. 7

ქართული მაგიური ფორუმი www.magnika.net

Share | 
                                                                                                                                       
 

 სვანების რწმენა (ლაზარე დადუნია, ბესარიონ ნიჟარაძე)

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
         samael
                        იმპერატორი
            იმპერატორი
samael

   
      Профиль         
     
PostSubject: სვანების რწმენა (ლაზარე დადუნია, ბესარიონ ნიჟარაძე)   სვანების რწმენა (ლაზარე დადუნია, ბესარიონ ნიჟარაძე) Icon_minitimeThu Aug 16, 2012 6:06 pm

1
სვანების რწმენა (ლაზარე დადუნია, ბესარიონ ნიჟარაძე)

შობა-ახალი წელიწადი სვანეთში

შობის წინა დღეს მთელ სვანეთში თითქმის დილიდან საღამომდის არა რას სჭამენ, არც დიდები და არც პატარები. მთელი დღე მზადებაში არიან. მაგივრათ საღამოს კორკოტს მიაძღებიან.
შობა დღეს, როგორც კი მამალი იყივლებს, მცხობელი დედაკაცი ადგება და ყველიან პურებს გამოაცხობს. როცა ის ცხობას გაატავებს და მზად იქნება ცხელ-ცხელ ყველიან პურები, ერთი ყმაწვილი 10-12 წლისა, ადგება საწოლიდან, შიშველ-ტიტველი გავა კარში, დადგება სახლის მარჯვნივ და შემოუვლის სამჯერ. მიას ამ დროს სრულებიტ არა აცვია რა. სულ შისველ-ტიტველი არის ამ უშველებელ ნამქერიან თოვლში და იძახის: "ნიშგვეი ქვითი ჰარინკიარი!" ესე იგი: როგორც მე ეხლა შიშველი და ცარიელი ვარ, ეგრე ცარიელი გაუშვი, ღმერთო, ჩვენგან ჩვენი ქურდიო.
ახალი წლის წინა ღამეს სვანეთში სულ საღამოდან დაწყებული შუაღამემდე აცხობენ ბევრ პატარა ყველიან პურებს, ამასთანავე ერთ დიდს გამოაცხობენ, რომელსაც შუაზე ჯვარი ექნება გამოსახული. მოიტანენ თაფლს, ყველს, ხორს და სხვა , ჩააწყობენ გილდელში და კარებთან დაკიდებენ, რომ მაკვლიელს მზად დახვდეს. როგორც ირიჟრაჟებს, უფროსი კაცი ოჯახში ადგება და ცეცხლს დანთებს, რომელიც სულის შებერვით უნდა გააჩაღოს, ამიტომ ის ბევრ წვალებაშია და ბოლოს კალთის ქნევასაც იშველიებს.
ის კაცი გააღვიძებს მწყაზარ დედაკაცს, დედაკაცი კი გააღვიძებს ერთ ყმაწვილს. ესენი უნდა იყვნენ ყველაზე კეთილი ხასიათისანი ოჯახში. მამაკაცი ახსნის ხარს, რომელიც ყველაზე დიდი ტანის არის საქონელში, მოაბამს თოკს რქებში და წინ გაუძღვება. ბავშვი ხარს მისდევს. დედაკაცს ხორაგიანი გიდელი ჰკლიდია ზურგზე. სანამ სახლში არ დავრუნდებიან, ამათ ხმა არ უნდა მაოიღონ, ე.ი. არ უნდა დაელაპარაკონ ერთმანეთს. მივლენ წყალზე და ხარს წყალს ასმევენ. შემდეგ დაბრუნდებიან სახლში, მივლენ კალოზე და თოვლის ზვინს დასდგამენ. შუაზე ნაძვის ხეს ჩაურჭობენ, შემოუვლიან ამას გარშემო და შევლენ სახლში. სანამ მაკვლიელები მობრუნდებიან, სახლში ყველანი ადგებიან. როცა მაკვლიელები კარს მიადგებიან, წინამძღოლი კაცი იძახის: "ყორ მიკარ, ყორ მიკარ!" (კარი გამიღეთ!) ღმერთემაში ხელწიფეშ ჟურ ამღვე, ყორ მიკარ." (ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვს, კარი გამიღეთ). შედის სახლში, სამჯერ კერას შემოუვლის, ეხვეწებიან ყველანი ღმერთს, განსაკუთრებით მაკლიელი კაცი, რომელიც ხარს მიუძღვება, შემდეგ ყველა დაჯდება თავის საჯდომზე.. მაკვლიელი კაცი აიღებს ხელში ყველაზე დიდ ჯვრიან ბედის პურს, დააწყობს მასზედ ყველს, ხორცს, თაფლს პურს და ვერცხლის ფულს, დაჰყვება თავიდან და ყველას მიულოცავს. პირველად ვინც უფროსია, იმასთან მივა, მოაკიდებინებს მასზედ ხელს და ატრიალბინებს მარჯვნივ, მაკლიელი ეუბნება: "ღმერთმა მრავალ წელიწადს მოგასწროს, ცოლ-შვილი გიცოცხლოს, გაგამრავლოს, მტერს გაშOროს" და სხვა. მერმე აკბეჩინებს დიდ პურზე, რაც იმ პურზე ეწყო, ყველას ხელში ჩაუყრის. კიდევ დააწყობს იმოდენას მაზედ და ახლა სხვას მოულოცავს. ამნაირად ყველას. ამ დროს ყველამ უნდა დაიაროს მთელი სოფელი და მოალოცვინოს ყველას. ახალწელიწადს არ შეიძლება უარი რამეზე გამოაცხადოს, რაც უნდა სთხოვოთ; ამიტომ, როდესაც ვინმე მოვა, წინსწარ აჩუქებს რამეს, სანამ ის რაიმეს სთხოვს-თუ უარი ვუთხარი ვინმეს, ის დამწყევლისო და მტელ წელიწადს დაწყევლილი ვიქნებიო.
ამ დღეს ან მეორე დღეს, ვინც მონადირეა, ნიშანს დაიდგამს და თუ კარგად ამოიღო ნიშანი, მთელს წელიწადს დაბედნიერებული იქნება თოფის სროლაში და ბევრს ინადირებს; თუ ნიშანს დააცილა, შენი მტრისას იმას გულს შემოეყრება-მთელი წლის განმავლობაში ვერას მოვკლავო. ეს არის მისი წინასწარმეტყველი.
მოტავდა ახლიწელიწადი ჩვენი სვანები ნათლისღებას ელიან.
         Back to top Go down
         samael
                        იმპერატორი
            იმპერატორი
samael

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: სვანების რწმენა (ლაზარე დადუნია, ბესარიონ ნიჟარაძე)   სვანების რწმენა (ლაზარე დადუნია, ბესარიონ ნიჟარაძე) Icon_minitimeThu Aug 16, 2012 6:08 pm

2
ნათლისღება სვანეთში

ნათლისების წინადღეს სვანები ემზადებიან, რომ მკვდრებს კარგად დახვდნენ. ნატლისღებას და ორს შემდეგ დღეებში აქ მიცვალებულების მოხსენიება იციან. სვანი ფიქრობს, რომ მკვდრები მათ ეწევიან და ამიტომ ყველა ცდილობს, რომ ყველაფერი ბლომად ჰქონდეს: პური, არაყი, ხორცი, ხილი და სხვა.
წინა ღამეს თითო-ოროლა პურს ფანჯრებზე ძესდებენ, რომ მკვდრის სული მოვიდეს და ჭამოს. სადილობისა და ვახშმობის დროს დიდი სუფრები ხორაგით სავსეა, ყველა მეოჯახენი დიდ და პატარა ფეხზე დგანან და ევედრებიან მიცვალებულებს. უფროსი კაცი დაიწყებს: "საბრალ დედე ი ბაბა! ლახხუმრედ მა ემმა იკფოლდესი იშგდოლდეს, ესგვეი იაქაშ მამა არი, მერე ჩიგა ამჟი მად ირა; კოატ კოტოლ სგაი მა ლანმეხრედ, ნიშგვეი აშხი მერმა ბარაქ ლახჭვენდ; ბოფშარს ხოჩამდ ხოცამდად. ჩიუ შვენდბა ჯარხ სალბუ. ქრისტეი ბაგთეისგაუ ჯიგადხ". (საბრალონი დედა და მამა, თუ რამე მოიხმარებოდეს, თუ სეიზლებოდეს და მიირთმეოდეს, სათქვენო არაფერი არის, მაგრამ ყოველთვის ეგრე არ იქნება, ცოტა-ცოტა თქვენც მოგვეხმარეთ, მადლი მოგხვდებათ, მარცხს აგვაშორეთ, ჩვენს ერთსა და მეორეს ბარაქა მიეცით, ბავშვებს კარგა მოეპყარით, ღმერთმა ყველას სეგინდოთ, ქრისტეს სუფრაში მოგცეთ მან მონაწილეობა!)
დააბრუნებს დედაკაცი პურს მარჯვნივ, მამაკაცი არაყს წაუქცევს თავს. ეს ჩვეულება მუდამ, ყოველ სადილ-ვახშამზე იციან სვანეთში, მაგრამ განსაკუთრებით ამ ორ დღეს. ვახშამს ჭამენ და დიდხნამდი სხედან და რიგ-რიგობით დიდი და პატარა სხვადასხვა ზღაპრებს ამბობენ. ზღაპრები შემოერიათ და ძილიც მოეკიდათ, დაწვნენ. ცოტაც წაიძინეს და უცბად ერთი დედაკაცი წამოდგა და გააღვიძა თავისი ქმარი: მამაშენი სკამზე იჯდა კერასთან და რაღაცაზე გულმოსული იყოო, იმასთან ჩვენი ახლადგარდაცვლილი ბავშვი იყოო.
უცბად ადგებიან ყველანი, სადაც მკვდრები ნახა დედაკაცმა, არაყი უნდა დაღვაროს და რომ ბავშვს რამე მოსწონებოდა ვაშლი და თხილი დაუფანტონ - უსათუოდ ცუდი მასპინძელი დავხვდითო და იმიტომ გვემდურებიანო...
ახალწელიწადსა და შობას, როგორც სხვა დიდ დღეებშიდაც, ღმერთს შეაძლევენ სამელ-საჭმელს. ერთი კაცი დაიკევებს ხელშI არაყს, მეორე - პურებს, მესამე ხორცს, პირით აღმოსავლეთისაკენ დადგებიან და ღმერთს ევედრებიან. ამ ხვეწნაზე თითქმის მთელი სვანეთის ეკლესიაებ ახსენებენ:
"დიდაბ, დიდაბ ხოშა ღერბით ქვეყნი მოწრე ი ეჩი შუნისგა მუყდანი, ჩივ ლუმზურე ი ჩივ ლუხმაშ, ლახხუმარ მა ჰემა იშგდოლდეს, ნომა ანცურე ისგვა უშადდ, ლეჟა ბიქვს ათხო ნიშგვეი მაზიგი ლექვა ლიცს. ლამარია ქუთაშიშ ლენეშდ, სოლომ ანგლეზ ჩუ ანღვიზ, თარინგზერ, მარცხვა მულახიშ, ისგვა შუნისგა ხვაროდ ი სი ჯიხა ჰე დომ ანცვირე ისგვა უშდად და სხვა და სხვა." (დიდება, დიდება დიდ ღმერთს! ღმერთო ყოველმხრივ დალოცვილო და ყოვლის შემძლებელო! მოიხმარე თუ რამ იკადრებოდეს, ნუ დაგვტოვებ შენს შეუწევნელად, ზევით ქარს გაატანე და ქვევით წყალს ჩვენი ჭირი. ღვთისმშOბელო ქუთაისისაო, მოგვეხმარე! სოლომონ ანგელოზო, გაგავაძლიერე! მთავარანგელოზო, გააქრე ჩვენი ცუდის მყოფელი! მაცხოვარო მულახისაო, შენს ხელში ვართ და შენ იცი, თუ არ დაგვტოვებ შენს შეუწევნელას!
         Back to top Go down
         samael
                        იმპერატორი
            იმპერატორი
samael

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: სვანების რწმენა (ლაზარე დადუნია, ბესარიონ ნიჟარაძე)   სვანების რწმენა (ლაზარე დადუნია, ბესარიონ ნიჟარაძე) Icon_minitimeThu Aug 16, 2012 6:08 pm

3
კოხი (სეტყვა) სვანეთში

... სეტყვას სვანეთში არ ეძახიან ბუნების მოვლენას, არამედ როდესა სეტვა მოვა, იტყვიან ხოლმე რომ ღვთის რისხვა არის ჩვენზედაო, უსათუოდ ღმერთი განვარისხეთო და სასჯელად ეს მოგვივლინაო...
... სეტყვის მოსვლას ჩვენი სვანები ზარის რეკვით უხვდებიან. ხალხში არის ცრურწმენა, რომ სეტყვას ზარის ეშინია და არ მოვაო. იმის მოვლენას სვანბეი რაიმე ცრუმორწმუნეობას მიაწერენ.; აი, მაგალითებრ: როდესაც ზემოხსენებული სეტყვა მოვიდა (აღწერილია მესტიაში მოსული საშინელი სეტყვა), ხალხშI ხმა გავარდა, რომ გუშინ ტბის მახლობლად ჩხუბი მოსვლიათ ვიღაცეებს და სეტვასაც იმის მიზეზით მოვიდაო.
ორიოდე სიტყვა ამ ტბაზე:მესტიის მახლობლად მთაში ერთ მინდორში დგას დიდი ტბა. ამ ტბაში სვანები ფეხს ვერ ჩაჰყოფენ, ხმამაღლა ვერ დაიყვირებენ იმის მახლობლად, ქვას ვერ ისვრიან შიგ, ვერც საქონელს ჩაუშვებენ და სხვა. როდესაც ამ ტბას მიჰკარებია ვინმე, მაშინვე სეტყვა მოსულაო, იტყვიან ხოლმე . აი, ამ ტბის მახლობლად, იმ კოხის მოსვლის წინა დღეს, რომელიც ზემოთ აღვწერეთ, მოსვლოდათ ვიღაცეებს ჩხუბი, თოფიც გაეგდოთ. რა საკვირველია კოხიც უნდა მოსულიყოო და რატომ მეტიც არ დაგვემართაო.. აქ ხმამაღლაც არავის ულაპარაკია და თოფის სროლაც თავის დღეში არავის ახსოვსო.
ამ ცრუმორწუნეობაზედ ძლიერ დამყარებულნი არიან ამ სოფლის მცხოვრებნი. ეს ტბა წმინდა არისო. და რადგან, ჩვენ ხალხი, უწმინდურები ვართ, არ უნდა მივეკაროთ მას. ერთს პატრონს ამა სოფლის მღვდელს უნდა გამოეყვანა ისინი ამ მორწმუნეობისაგან, ეუბნებოდა, რომ მე ჩავალ ამ ტბაში, ტანს დავიბან და თუ სეტყვა მოვიდს, მაშინ რაც ზარალი ნახოთ, სულ მე გიზღავთო. მღვდელი აპირებდა წასვლას. რაკი მთელმა სოფელმა ეს შეიტყო, თოფებით გამოუდგნენ მღდელს, დააბრუნეს: შენ გინდა დაგვღუპო, მაგრამ ჩვენ ამის ნებას არ მოგცემთო, მრვდელმა ვერ გაბედა და თავი დაანება, რადგან ხალხისა შეეშინდა.
         Back to top Go down
         samael
                        იმპერატორი
            იმპერატორი
samael

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: სვანების რწმენა (ლაზარე დადუნია, ბესარიონ ნიჟარაძე)   სვანების რწმენა (ლაზარე დადუნია, ბესარიონ ნიჟარაძე) Icon_minitimeThu Aug 16, 2012 6:08 pm

4
უფლიშის დღესასწაული სვანეთში

თუმცა სვანები დღესასწაულობენ წმინდა აღდგომას ქრისტიანულად, ისრე სიხარულით არ მიეგებებიან, როგორც უფლიშის (კვირაცხოვლობას). აგიწერთ როგორ დღესასწაულობენ ამ დღეს იფარის საზოგაოდებაში.
ამ დღისათვის შემოდგომიდანვე დაიწყებენ მზადებას. მოჰკრეფენ თუ არა ყოველივე ჭირნახულს, რამდენიმე მოსახელე შეერთდებიან, კაცი და ქალი, პატარა და დიდი ერთს კვირა დღეს იმ მოსახლისას, რომელსაც წილად აქვს შეხვედრილი ყფლიშის მასპინძლობა. ამ დღეს იმ მოსახელემ კარგდა უნდა უმასპინძლოს; შემდეგ უნდა მოკრიფონ თვითოეულ სულზე თითო ბათმანი ფქვილი ღვთის, ღვთისმშობლის, მთავარანგელოზის, წმ. გიორგის და წმ. ბარბარეს შესაწირავად, ანუ მისალოცად, ამ მოგროვილ ფქვილს ის მოსახლე შეინახავს.
დიდმარხვის მეხუთე კვირას შეიყრიან თავს კიდევ იმავე მოსახლისას, რომელმაც უნდა უმასპინძლოს ყველას სადილად და ვახშმად პურითა და არყით. ეს კვირა უფლიშის წინამორბედია. ამ კვირიდან დაიწყებს ის მოსახლე არყიოს მზადებას უფლიშისათვის. არაყი უნდა მოხარშოს თავისი საკუთარი ჭირნახულიდან ათ ქვაბამდინ, თითო ქვაბში გამოვა თითო ვედრო არაყი. ამ მოსახლესვე უნდა ჰყავდეს გასუქებული საკლავები, ხარი ან ვერძები და სხვა წვრილმანი საკლავები. თითოეული მოსახლე უნდა შეეწიოს ორ-ორ ვედრო არაყს. ამგვარ შეკრებულობას ეძახიან "სკარს" (სკარი ქართულად სხვებრ არ გადაითარგმნება თუ არა ფსონი).
უფლიშის შაბათს სარამოს შეგროვდებიან იმავე მოსახლისას, გადაჰკრავენ ლაზათიანად არაყს და წავლენ თავიანთ სახლებში. მეორე დღეს ე. ი. უფლიშის სადღესასწაულო ტანისამოსში გამოწყობილნი ულოცავენ ერთი მეორეს დღესასაწულს, როგორც იმერეთში ახალწელიწადს იციან. ყველანი თავისუფალნი არიან სადილის მზადებისაგან, გარდა იმ მოსახლისა, რომლის სახლშიც არის სკარი, ის კი დიდ ფაცი-ფუცშია; მან უნდა მოამზადოს სადღესასაწულო ყოვლითურთ შემკობილი სადილი, როგორც შეეფერება უფლიშს, ორმელზედაც შიძლება იქმნეს სამოც სულზე მეტიც და ნაკლებიც...
სანამ სადილად დასხდებოდნენ თითოეული მოსახლიდან თითო კაცი არაყით, პურით და ცეცხლის ალზე გაკოწელილი პირუტყვის ღვიძლით (ეს ჩვეულება იმ დროიდან არის დარჩენილი რევ მართალმა რომ შემოიღო პირუტყვების არმაზისადმი შეწირვა. თითოეული სვანი აგიხსნით, რომ ეს ღვიძლის შეწირვა ძველიდანვე აქვთ ნაანდერძევი). წავლენ ერთ მაღალ გორზედ ძველ ნაეკლესიავართან; ის შეწსირავენ ტავიანთ საგზალს ხოშა ღერბეთს (ღვთაებას) და თვითონვე შეწჭამენ. იქიდან დაბრუნებულნი მოიყრიან თავს მასპინძლისას, დასხდებიან სადილად და რჰულზედ გადაჰკრავენ. ვახშამსაც ამნაირადვე შეექცევიან.
მეორე დღეს, ორსაბათს, როგორც წინადღეს, თითო კაცი მოსახლიდან წავლენ მარტო არყითა და პურით მეორე გორაზედ, სადაც არის ძველი მთავარანგელოზის ნაეკლესიევი, იქ მოილოცავ, როგორც წინა დღესა და იქიდან ისევ მასპინძლისას დაბრუნდებიან.
მესამე დღეს, სამშაბათს, კიდევ ისევ თითო კაცი წავლენ წმინდა გიორგის ეკლესიაზედ (ეს ეკლესია ახლაც არის მდიდდარი ხატითა და ჯვრით, მაგრამ სიზველის გამო წირვა არ სრულდება მასში). აქ კი, ბლომად წაიღებენ შესაწირავენ ძღვენს, პურს და არაყს; შემდგომ მოლოცვისა თითქმის საღამომდინ იქ ატარებენ დროებას თამაშითა და თოფის სროლით.
ამ სამშაბათიდან შეჩერდება შესაწირავი, ანუ მოლოცვა კვირამდინ. კვირას მთელი სოფელი იყიდის ხარს, დაკლავენ იქ, სადაც უფლიშის ორშაბათს მოილოცეს, შესწირავენ მთავარანგელოზს, ტყავს არაყზედ გაჰყიდიან, მიიტანენ თითო დიდ ყველიან პურს, იმოდენას, რომ თითო კაცი თითოს თუ წაიღებს ტაბაკზე დაკრულს. დასხდებიან და ისადილებენ.
მეორე დღეს, ორშაბათს, კიდევ უქმად არიან, შემდეგ კი დაიწყებენ მუშაობას.
მესამე კვირას კიდევ მთელი სოფელი ხარს იყიდის და იქ დაჰკლავენ და სესწირავენ, სადაც უფლიშის დღეს ღვიძლები შესწირეს.სადილსაც იქ სჭამენ. მეოთხე კვირას კიდევ იმ გორაზედ შეგროვდებიან მოსალოცად მარტო პურით და არყით, სადაც უფლიშის ორშაბათს მოულოცეს. უფლიშიდან ამ კვირამდინ ყველანი იქ ისადილებენ და ივახშმებენ, სადაც სკარი აქვთ, იმ ფქვილით, რომელიც შემოდგომაზე შეკრიბეს. ამ კვირას დაილევა ეს ფქვილი და კიდეც გამოეთხოვებიან უფლიშის სკარს.
ის მოსახლე, რომლის სახლშიც სკარი იყო, გადაულოცავს მეორე მოსახლეს, რომელსაც წილად ერგება მომავალი წლისათვის სკარი.
სკარი ყველას არ ექნება, ზოგიერთო მარტო თავის სახლში დღესასწაულობს, მაგრამ მოლოცვაში კი ყველგან დაესწრება.
უფლიში მთელს სვანეთში იციან, მხოლოდ ზოგიერთ სოფელში რამდენიმე განსვავებით.
         Back to top Go down
         samael
                        იმპერატორი
            იმპერატორი
samael

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: სვანების რწმენა (ლაზარე დადუნია, ბესარიონ ნიჟარაძე)   სვანების რწმენა (ლაზარე დადუნია, ბესარიონ ნიჟარაძე) Icon_minitimeThu Aug 16, 2012 6:10 pm

5
წესები მიცვალებულზე სვანეთში (ბესარიონ ნიჟარაძე)

თავდაპირველად მე აღვწერ სურათს მომაკვდავის უკანასკნელის ჟამისას. ეს სურათი, სხვათა შორის, გვიხატავს ხალხის თავისებურ შეხედულებას მომაკვდავის წინასწარმეტყველურ მნიშვნელობაზე და, მაშასადამე, გვიხატავს ეთნიურ თავისებურებას სვანებისას, რასაც უმთავრესად ეხლაც და შემდეგშიაც მივაქცევ ყურადღებას ყოველს ჩემს ეთნოგრაფიულს შენიშვნებიში სვანების შესახებ.
როდესაც ავადმყოფი უკანასკნელ დღეშია, მას გარს ახვევია ნათესაობა, რომელიც გარდა იმისა, რომ უკანასკნელს სალამს აძლევს მომაკვდავს, ეკითხება გაუმჟღვავნოს თუ რა მოელის მას - ნათესაობას - მომავალში. სვანებს ღრმადა სწამთ, რომ მომაკვდავის სული უკანასკნელ ხანებში "საიქიოსაა" ქრისტესთან; იგი გარეული ნათესავ მიცვალებულთა სულებში და, მაშასადამე, სვანების წარმოდგენით, ნამდვილად ხედავს და იცის "იმა სოფლისა" ამბავი.
როგორც ზემოთ მოვიხსენიეთ, სვანები მომაკვდავს წინასწარმეტყველების ნიჭს აწერენ; მათი აზრით, მომაკვდავმა დაჭეშმარიტებით იცის ყოველი კაცის, ოჯახის, სოფელ-საზოგადოების და მთელი სვანეთის ბედისწერა მომავალში და რასაც იტყვის ვინმეზე - ჭეშმარიტებაა. რაკი ეს ასეა, ყოველი დამსწრე მონათესავე და უნათესავოც, ვალად რაცხს რამდენიმე კითხვა მისცეს მომაკვდავს, უკანასკნელისათვის ვითომ ცხადი, მაგრამ ცოცხალთათვის ბუნდოვან მომავალზედ.
პირველად ნათესავი ეკითხება მომაკვდავს, თუ როგორ არიან ამის საკუთარი მიცვალებულები სიქიოში - ცხოვნებულნი თუ წაწყმენდილნი; ემდურიან მას, თუ კმაყოფილნი არიან და სხვა. შემდეგ ეკითხება - რამდენი წლის სიცოცხლე აქვს მას, დამკითხავს, ანდა მის ოჯახიდან, სახელდობრ ვინ არის განწირული სასიკვდილოდ და როდის შეემთხვევა რამ ჩხუბი, ნივთიერი ზარალი მას ან მის ოჯახს, თუ მოელის რაიმე ბედნირება (მაგ. ვაჟის შეძენა ბედნიერებად ითვლება). ბოლოს ეხვეწება მომაკვდავს უშუამდგომლოს მის მიცვალებულთან, რათა მათ არ აიცრუონ გული მასზე, არ გამოიმეტონ და არ დააბეზღონ ქრისტესთან, თუ მან სხვადასხვა მიზეზების გამო საჭირო წერები (საკურთხი და სხვა) ხანდახან თავის დროზე ვერ აუსრულოს და სხვა.
თუ მომაკვდავი საზოგადოებაში ცნობილია ჭკვიან კაცად და ამსთან ღრმა მოხუცია, რომელსაც თავის სიცოცხლეში ბევრი რამ უნახავს და გამოუცდია, მაშინ მას საზოგადო და საქვეყნო საქმეებსაც ჰკითხავენ, ხოლმე. აი აგერ მოდის ხანში შესული დარბაისელი სვანი, მიდის მომაკვდავთან და მიუჯდება. ყველანი ჩუმდებიან. მოხუცი დარბაისლურ სახეს მიიღებს და ეკითხება მომაკვდავს: როგორი წელიწადი იქნება მომავალ წელს, გლახა სნეულება ხომ არ გამოსჩნდება; როგორი მომავალი ელის საზოგადოდ სვანეთს. მომაკვდავი იძლევა პასუხს, ხან სასიამოვნოსა და ხან საწყენს: ეს მისი წინასწარმეტყველბის ნიჭზეა დამოკიდებული. აქ მოიყვანენ ერთ მაგალითს.
წარსული წლის ოქტომბერში თავისუფალი სვანეთის ერთ საზოგადოებაში მიიცვალე გლეხი გეგი ბეშიძე, ას წელს გადასული ღრმა მოხუცი, ცნობილი ჭკვიან გლეხად და ძველი ხალხური სიმღერების მცოდნედ. პირველს ორ კითხვაზე ბეშიძემ სანუგეშო პასუხი მისცა თურმე, ე. ი. წელიწადიც კარგი მოვა და არც რა სნეულება გამოჩნდებაო; მესამე კითხვაზე კი, როგორც გადმომცა თვით მკითხველმა და სხვა დამსწრეებმა, სხვაფრივ მიუგოო.
აქ, ვგონებ უადგილო არ იქნება ისიც გავიხსენოთ, რომ რამდენიმე წლის წინ, რუსის მმართველობის შემოსვლამდე, რამდენიმე მომაკვდავმა იწინასწარმეტყველა თურმე, რომ სვანეთს დაიპყრობდა "წითელი და და ქერა" კაცებიო, ე. ი. რუსი, რომლის სახელი ჯერ არა სცოდნიათ.
თუ მომაკვდავს ენა არა აქვს ჩავარდნილი, იგი იძლევა პასუხს კითხვეზე და თავისი ფიქრით (თუკი ფიქრი შეუძლია) ნამდვილ პასუხსაც, მაგრამ როდეს გონებადაკარგულია, მაშინ კი ბევრს ახირებულს და არასაამო პასუხს გააგონებს თავის უმადურ დამკითხავებს. ამის დამქერი ბერჯერ ყოფილა დამსწრე ამგვარი სცენებისა, როდესაც უგონო მომაკვდავს გიჟივით პირდაპირ მიუთითებია რომელიმე გარსშემოხვეულზე და უთქვამს:
-შენ გაის ამ დროზე მოკვდები, რადგან შენი მიცვალებულები გემდურებიან. შენ კი, - ეუბნება მეორეს, რომელიც ეკითხება, - ვაHიშვილი მეყოლება თუ არაო, არ თუ ვაჟი არ შეგეძინება, ქალიშვილიც მოგიკვდება და შენც მალე მოკვდებიო. შენ, - მიუბრუნდება მესამეს, - მგზავრად არსად წახვიდე, თორემ მოკვდებიო.
რისთვის ეწევა ზემოთ ნაჩვენებ სამ კაცს მომაკვდავის მიერ "ნაწინასწარმეტყველევი" უბედურებანი? ამისი მიზეზი ერთია ყველასათვის: სახელდობრ ის, რომ მათი მიცვალებულების სულნი ემდურიან. ხალხის აზრით, მიცვალებულთ უფლება აქვთ სიკდვილ-სიცოცხლისა თავისიანზე. ამით აიხსნება ხალხში არსებული სასტიკი წყევლა: "აი შენ კი წაგიღონ შენმა მკვდრებმაო!"
თავდება ეს კითხვებით წვალება მომაკვდავისა. იგი ეს არის ჰკარგავს გონებას, მეტყველების უნარს. საჭიროა ზიარება. მომაკვდავს აზიარება პაპი, მაგრამ თუ ეს უკანასკნელი არ იქნებოდა, მაშინ ერის კაცსაც ნება ჰქონდა, როგორც თავისისი, ისე სხვისი ზიარებისა, ოღონდ ზიარების ნაწილი უნდა ჰქონოდა პაპისაგან მიცემული, რომელსაც ხალხი ეძახის "პაპა ჟაგ" ("პაპის წამალს").
ერის კაცით ზიარება ხშირი იყო სვანეთში, მეტადრე როცა კაცს სიკვდილი გზაზე მოეწეოდა. მგზვრი და მონადირე მუდმივად თან ატარებდნენ "ნაწილს" საჭიროებისათვის. სიკდილის წინ ზიარება იყო პირველი და უკანასკნელი სვანისათვის თავის სიცოხცლეში...
...ტირილის გათავებისას მიცვალებულს პაპები წესს აუგებენ (ლიგლობ) გალობით და შემდეგ გაასვენებნ დასამარხად. მიცველებულს მთელი ხალხი მიჰყვება საფლავამდე ამი რიგით: მიცვალებულს წინ მიუძღვის ერთი კაცი, რომელსაც ხელში უჭირავს ჯამის მსგავსი ხის ჭურჭელი და შიგ უდევს სამი პაწია პური; პურებს შუა დგას თაფლიანი ხის სასმისი. ამ ჭურჭელს თავისი მოწყობილობით სვანურად ჰქვია "ლევდუნი" და წამღებ კაცს "ლევდუნი მუესგი". ამ კაცმა საფლავამდე ისე უნდა იაროს, რომ უკან არ მოიხედოს, თორემ თუ მოიხედა, კიდევ მოკვდება ვინმე მიცვალებულის ოჯახშიო. როცა საფლავთან მიაღწევს ჯამს იქ დასდგამს და ამით თავდება მისი როლი. ამ კაცის უკან მიაქვთ მიცვალებული, მას მისდევენ პაპები, ჭირისუფლები, ქალები და ბოლოს მამაკაცები ზარით. მამაკაცები ქუდმოხდილნი არიან და ბეჭებზე ჯოხები აქვთ იმნაირად შემოდებული, რომ ჯოხის ზედაწვერი პირდაპირ ცისკენ არის მიშვერილი...
...თუ კაცი თავის სოფლის გარეთ, მგზავრობაში, სანადიროს ან სადმე სხვაგან მოკვდა და უნდა მოასვენონ დასამარხავად, მაშინ საჭიროა წინ უძღოდეს მას პაპი, მეჭიანურე ჭიანურით ხელშI და კიდევ ერთი სხვა კაცი, რომელსაც ხელში ჰყავს მამალი. სვანები ფიქრობენ, რომ ამ დროს მიცვალებულის სული მამალში შედის და მიჰყვება ჭიანურის ხმას სასაფლაომდე. უამისოდ კაცის სული მიცვალების ადგილას რჩება და გზას ვერ იგნებს საიქიოსკენ.
პირველ შაბათს, რომელიც მოჰყვება მიცვალებულის დამარხვას, ჭირისუფალი უკლავს საფლავზე პატარა ცხვარს, ე. წ. "ვერლიმ ლეყვჟი" ("მიწის მსხვერპლი"). ეს ცხვარი ათ ყველჩართულ პურთან (ლეფანე) ეძლეოდა უწინ პაპებს და ეხლა - მღვდლებს. მეორე ამხელავე ცხვარი საფლავზე უნდა დაიკლას წლისთავზე. ამ ცხვარს "პეტრეს (მოციქულის მსხვერპლს" ეძახის ხალხი ("პეტრე ლეყვეჟე"). ცხვრის ტყავი და ათი ყველიანი პური აქაც პაპებსა და მღვდლებს მიაქვს.
მამაკაცებს მიცვალებულზე სამი კვირა უნდა ემარხულათ, სახსნილო არ უნდა ეჭამათ. შერევის შემთხვევაში მიცვალებულის სუფრა უნდა ეკურთხოს, რომელზედაც წვრილფეხ საქონელს ჰკლავენ და პატიჟობენ ახლო ნათესავებს. დედაკაცების მარხულობის ვადა კი ერთი წლიდან სამ წლამდე გასწევდა. მე ვიცი ერთი მოხუცი დედაკაცი, რომელიც ცხრა წელი იყო მარხულად, რადგან ზედი-ზედ ერთი მეორის მიყოლებით ყოველი სამი წლის თავზე მოუკვდა ორი შვილი და ქმარი.
ქალების შერევის დროსაც, როგორც კაცებისას, მიცვა;ებულს საკურთხი უნდა გაუკეთდეს; განსხვავება აქ მხოლოდ ხარჯში იყო, ე . ი. ქალების შერევის დროს უფრო ბევრი დაპატიჟებული ხალხი ეყოლება ჭირისუფალს და ამისთვის მეტი ხარჯიც მოუვა. მოხდება ისეც, რომ რამდენიმე ქალი, ერთი და იგივე მიცვალებულისათვის მარხულნი (დედა, დები, ცოლი), გაიხსნილებენ.
როდესაც მასპინძელს საკურთხი მზად ჰქონდა, პაპი (ეხლა მღვდელი) აკურთხებდა მას. საკურთხი გაჩაღებული უნდა ყოფილიყო წმ. სანთლებით. კურთხევის შემდეგ პაპი არყიანს კათხაში ხორცის ნაჭერს ჩააგდებდა და მიაწვდიდა შერეულ ქალს. ქალი ჯერ მოთქმით დაიტირებდა მიცვალებულს და მერე მოსვამდა კათხიდან არაყს, რომლეშIც ხორცის ნაჭერი ჰქონდა ჩაგდებული პაპს.
ერთი წლის განმავლობაშI მიცვალებულს მისი ჭირისუფალი ყოველ სადილ-ვახშამზე დაუდგამდა ერთი კაცის ჯერ კერძს - სასმელ-საჭმელს. სანამ ჯალაბი ისადილებს ან ივახშმებს, მანამდე ამ ერთი კაცის ჯერს დაწყობენ ცალკე სუფრაზე - ხსნილში სახსნილოს და მარხვში სამარხვოს, რაიმე სასმელსაც დადგამენ, თუ აქვთ, თუთუნიან ყალიონსაც, თუ მიცვალებული ეწეოდა. ამვე სუფრაზე დაასობენ ანთებულ წმინდა სანთელს და ერთი ოჯახის წევრთაგანი, რომელიც საკურთხი სუფრიდან მოშორებით დგას, მიცვალებულს შენდობას შეუთვლის შემდეგი სიტყვებით (რასაკვირველია, სვანურად): "შენდობილი იყავ, შე საბრალოვ, ქრისტემ გაგხადოს თავისი სუფრის მონაწილედ. თუ რამე გეკადრებოდეს, მიიღე ჩვენგან, რასაც ჩვენ ვერ გავწვდეთ შენი სურვილის დასაკმაყოფილებლად, ის ქრისტემ შეგისრულოს. და გთხოვთ ჩვენი მზე და მფარველი იყოთ, რომ დავრჩეთ შენის სულის მოსახსენებლად და შენდობის შემთვლელად."
დამთავრებისას კაცი ერთს შემოტრიალდება, დაიჩოქებს, მივა საკურთხთან, ერთს ლუკმას იქიდან ცეცხლში ჩააგდებს და ამით გაათავებს საქმეს...
         Back to top Go down
         samael
                        იმპერატორი
            იმპერატორი
samael

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: სვანების რწმენა (ლაზარე დადუნია, ბესარიონ ნიჟარაძე)   სვანების რწმენა (ლაზარე დადუნია, ბესარიონ ნიჟარაძე) Icon_minitimeThu Aug 16, 2012 6:10 pm

6
სვანების ზოგიერთი ჩვეულებანი და ცრუმორწმუნეობანი

ნათლისღება დღეს იმ ჭურჭელში რომლეშიც მღვდელი (უწინ პიპი) წყალს აკურთხებს, თითოეული მოსახლე ნიგოზს ჩააგდებს. ნიგოზზე მობმულია სადგსისი ძაფით. ამ ნიგოზსა და სადგისს მოსახლე წაიღებს ყანაში, როდესაც გაზაფხულზე ხვნას დაიწყებს. ღამე დაჰფლავს ნიგოზსა და სადგისს ნახნავში. მეორე დღეს სადგისს სახლში წამოიღებს, ნიგოზს კი მიწაში ჩატოვებს. ხალხის რწმენით, ამის შემდეგ მის ნახნავ-ნათესს უწმინდურება და ვნება არ შეეხება.
ნათლისღების დღესვე ნაკურთხი წყლით მოზელენ წმინდა პურს. ამ ცომიდან გამოაცხობენ შვიდ სეფისკვერისოდენა პურს, შუაში გახვრეტილს (ჯიჯიტა კვერა-გ.ხ.). ამ პურს ჰქვია "კირკადოლ" ("გორგალი"). ამ შვიდ კირკადოლს ბაწარს გაუყრიან, სახლში სადმე ჩამოჰკიდებენ, უმეტეს ნაწილად კოშკში და შეინახავენ დიდმარხვამდე. დიდმარხვის ყოველი კვირა დილას ოჯახი თავის წევრთა შორის ინაწილებს თითო კრიკადოლს, როგორც ევლოგიას. განაწილებამდე კრიკადოლს რომელიმე წევრთაგანი სამჯერ ჩამოაგდებს მაღლიდან კერაზე დადებულ ბრტყელ ქვას და სამჯერვე ამბობს: "აშუ ამშეყედელი არტა - კვარტა ლინჩალ" (ასე ჩავარდეს აგდებული დიდმარხვა). "კრიკადოლს" სჭამენ ხელ-პირ დაბანლნი ამნაირად: მარცხენა ხელში დაიჭერენ, ხელს თავზე გადაიდებენ და მარჯვნივ ჩაიდებენ პირში.
რადგანაც დიდმარხვაში აღდგომის კვირიაკეს გარდა ექვსი კვირიაკეა, ამიტომ მეშვიდე კირკადოლი რჩება. ამ მეშვიდე კირკადოლს შეაბამენ გოდორს, რომლითაც თესლი დააქვთ ყანებში. რომელიმე ყანის მოთესვის დროს "კირკადოლს" ცოტა-ცოტას მოფშვნიან და თესლში გაურევენ ნიშნად თესლის განწმენდისა. ამავე დროს ნაკურთხის წყლით მოზელენ ნაცარს, რომელიც ოჯახს შენახული აქვს წლიდან წლამდე და აიაზმის მაგივრობას სწევს. ამ ნაკურთხის წყლით მოზელილ ნაცარს ეძახიან "ივურდან"-ს (იორდანე) და ხმარობენ იმგვარ შემთხვევაშI, როდესაც ეკლესიების კანონის აიაზმაა საჭირო: დაფშვნილს ნაცარს იმგვარად მოაყრიან ოჯახში, როგორც აიაზმის წყალს მოასხურებენ ხოლმე.
უძღების კვირის წინა პარასკევს დილით ერთი ბავშვი ადგება სხვების ადგომამდე პერანგის ამარა და სამჯერ შემოუვლის სახლს, თან ხმამღლა ამბობს: "არინ-კარინ, თხერე მულიპ, სავია ჯვეგთე, ზაი მახად უშგულთე, ცხამ ი ნახრეკ მერმა ქვეყანათე!" "არინ-კარინ" არ ითარგმნება. დანარჩენი: "პირღია მგელი ოსების ჯოგისკენ, წლის მოსავალ უშგულისაკენ, ღვარძლი და ცხამი (ღვარძლის მსგავსი მცენარეა) სხვა ქვეყანაში". როდესაც ბავშვი სახლის შემოვლას მორჩება და შინ შემოვა, დიასახლისი ჭერს ჩამოწმენდს, ნახვეტ ჭვარტლს ჩაყრის ჭურჭელში, რამდენი სულიც ოჯახშია, იმდენ ღერ ქერის ჩალას მოაგროვებს, იმისა და მჭვარტლს წაიღებს სოფლისაკენ დანიშნულ ადგილას, სადაც ჩალას ცეცხლს წაუკიდებს, მჭვარტლს ზედ დააყრის და ამბობს: "ასე დაიწვას ჩემი ოჯახის სნეულებაო!"
უძღების კვირის შაბათს ყველა მოსახლე თხელის ცომისაგან სხვადსხვა ცხოველის სახეს გააკეთებს, ანუ უკეთ ვთქვათ, დახატავს ბაკის კედელზე (იქნებ გომურის - გ. ხ.) ხარის, ძროხის, თხის, ცხვრის, ცხენისა და სხვა სახეს. ამ პირუტყვების სახეების დახატვა ბაკის კედლებზე, ხალხის აზრით, ხელს უწყობს პირუტყვის გამრავლებას. ამავე დღეს მოსახლე აცხობს ერთ ყველიან პურს, რომლის ყალიონის ტარის მსგავსი, გულგამოცლილი ჩხირით ააჭრელებს; ამ პურს ყველიერის ხუთშაბათს გაინაწილებს ოჯახი - ვისაც რამდენი ჭრელი შეხვდება, იმდენი პირუტყვი შეეძინება სათავნოდ იმ წელიწადსო.
ხორცის აღების ღამეს, ნავახშმევს, ხელპირდაბანის შემდეგ, მამაკაცები ასრულებენ "ალმას", რომელიც მდგომარეობს შემდეგში: მამაკაცები აიღებენ ხელში თითო დანას, წაურევენ ღველფში და ამბობენ: "ალმას! ალმას! ჩემი დანა ალმას, ჩემი ხანჯალი ალმას, ჩემი ლეკური, თოფი, ფიშტო, ნაჯახი, ცელი"... და სხვა და სხვა. დედაკაცებიც ასრულებენ "ალმას", ოღონდ იმ განსხვავებით, რომ დანის მაგივრად ნემსი უჭირავთ ხელში და ქალის ხელსაქმეს ჩამოსთვლიან: "ჩემი ნემსი ალმას, ჩემი მაკრატელი ალმას, ჩემი ნამგალი ალმას" და სხვა.
თევდორობა დილას მოსახლე აცხობს წმ. პურის ცომისაგან იმდენ "ბაციკს" (ბაციკუკუ), რამდენი ვაჟიშვილიც ჰყავს ოჯახში, თუ ეს ვაჟიშვილები ხნით თორმეტის წლისაზე მეტისანი არ არიან. "ბაციკი" ჰქვია რომელიმე ოთხფეხი საქონლის, შენაურის, გინდა გარეულისა და ფრინველის სახეს; მაგალითად: ხარის, ვერძის, ცხენის, ვაცის, ჯიხვის, არჩვის, მტრედის, გვრიტის, და სხვა და სხვა. თუ მეოჯახეს ვაჟი არ ჰყავს, სამი "ბაციკი" მაინც უნდა გამოაცხოს: ერთი შინაური საქონლის სახე, მეორე გარეულისა და მესამე ფრინველისა. "ბაციკებს" რომელიმე მამაკაცთაგანი აცხობს. მის გამოცხობას ოსტატობა უნდა და ყველას არ შეუძლიან. როდესაც "ბაციკები" მზად იქნება, რამდენიმე ოჯახის ვაჟები თავს მოიყრიან რომელსამე სახლის ბანზე, რომელსაც სვანები დარბაზს ეძახიან. დარბაზში თვითონ ბავშვები შეავედრებენ "ბაციკებს" წმ. გიორგის, რათა მან მისცეს მათ გაზრდა-გახარება და მერმისცა თევდორობას მშვიდობით მოასწროს. შემდგომ შელოცვისა "ბაციკებს" ერთ ადგილას დააწყობენ ბავშვები, თოკს ჩამოაბამენ დერეფნის თავზე დაკიდებულ კოჭზე და გაიკეთებენ საქანელას (ლიგიწალ); ქანაობენ სანამ არ დაიღლებიან. შემდეგ დსხდებიან იქვე, "ბაციკებს" შესჭამენ და თავთავიანთ სახლებში წავლენ.
შუა დიდმარხვის დროს, სახელდობრ ოთხშაბათს, მოსახლე აცხობს ერთ დიდი პურს, რომელიც ოთხ კაცს ეყოფა. ამ პურს ხალხი ეძახის "ფანს". ვახშმად მას დაჭრიან იმდენ ნაწილად, რამდენი ყანაც მეოჯახეს აქვს. დაჭრის დროს კაცი მარჯვენა ხელით მარილის სანაყ ქვას ურტყამს და ამბობს: ასე გაიჭრას ჩემი ყანის (დაასახელებს თითოეულად) ჭაობი, სათიბის ჭაობი. ამ პურს ვახშმობამდე ოჯახი უკურთხებს ჟოვჟივას და ვეჟინს.
აი რას მოგვითხრობს ხალხი ხსენებულ ვეჟინსა და ჟივჟივაზე: ძველად ერთი მგელი შემოსჩვევია სოფელს და ბავშვები სულ მოუტაცნია. ამ სოფელში ყოფილა ერთი კაცი, სახელად ჟივჟIვა, რომელსაც ჰყოლია დედისერთა შვილი ვეჟინა ან ვოჟინა. ჟივჟივას მგლის შიშით თავისი შვილი ვეჟინი გოდორში (ქუფ) დაუმალია. ამ გოდორს ხალხი დღემდე ხმარობს ხორბლისა და ფქვილის შესანახად, როგორც კიდობანს. თვითონ ჟივჟივა ახლოს დამალულა-როდესაც მგელი მოვა ჩემი შვილის მოსატაცებლად, ეგებ როგორმე მოვკლაო. მოსულა მგელი, ჩამხტარა გოდორში, ჟივჟივა ხანჯლით გამოხტომია, ჩაუკლავს, მაგრამ უნებლიედ შვილიც, ვეჟინიც, გამოუფატრავს. ამ უბედურებას მთელი სოფელი შეუწუხებია. მათ უთქვამთ ჟივჟივასთვის, რაც გინდოდეს, გვთხოვეო. ჟივჟივას უთხოვია, რომ ყოველ შუა დიდიმარხვაში ჩემ შვილს უკურთხეთ ხოლმე სუფრაო და პური "ფან" მის მოსახსენიებლადო. ხალხი ასრულებს ჟივჟივას ნაანდერძევს.
ბზობა საღამოს თითოეული სოფლის ქალიშვილები, რომლნიც ჯერ ასაკში არ შესულან, ტავს მოიყრიან სოფლის უკაცო სახლში და გალობის ხმაზე ღაღადებენ (ლიღლოვი) შემდეგს: "კირილეო (კირილეისონ) ქრისტე, ამა და ამ ჩემ მიცვალებულს (დაასახელებს) ცოდვანი მისნი შეუნდევ; ამა და ამ ოჯახის წევრს, ნათესავს (დაასახელებს) დღეგრძელობა და ყოველ სამეში გამარჯვება მიეცი" და სხვა და სხვა. ამგვარად ყოველი ქალიშვილი თავისი ოჯახის მიცვალებულებს შენდობას უფლის და ცოცხლებისათვის დღეგრძელობას სთხოვს ქრისტეს. გარეშე კაცს, ვისაც მოხსენება უნდა, შეუძლია რომელიმე ქალიშვილს მისცეს მოხსენებისთვის კაკალი და თუ ეს არა აქვს, მარილის კვნიტი ნატეხი. ეს საყიდელი, თუმცა მცირე, მაგრამ საჭიროა, რომ ქრისტემ შეისმინოს ქალიშვილისაგან ხსენება. ამ "ლიღლოვს" ქალიშვილები იმეორებენ ვნების კვირაში, გარდა ოთხშაბათ-პარასკევისა - ამ დღეებში არ ვარგაო.
დიდ შაბათს ქალიშვილები ღამეს ათევენ უკაცო სახლშ. აღდგომა დილას ყველანი მიდიან ეკლესიასთან და სანამ მღვდელი წირვას არ გამოიყვანს, მანამ ესენი არ ანებებენ თავს თავიანთ "ლიღლოვს"; სხედან ფეხშემოკეცილნი - განძრევა და ადგომა არ ვარგაო.
ბზობა საღამოს ყოველი მოსახლე მოიტანს ტყიდან ერთს კონა ეკალს, თითო ღეროს ეკლესიას გაარჭობს კარებში და სარკმელში ნიშნად იმსა, რომ მავნე სულები (გოგვერ) არ შემოვიდნენ ოჯახში. ზოგან ვნების კვირას ეშმაკების კვირას უწოდებენ (ჰერიალე ნაგზი). ამ საღამოსვე იწყება ეგრეთწოდებული "ლიროკინალ" (განდევნა), რომელსაც რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთში "არული კუდიანებისას" ეძახიან. უფროსი ოჯახის შვილი აიღებს ნაჯახს, დანარჩენი მამაკაცები, ბავშვები მუგუზლებს წაავლებენ ხელს და ყველანი გარბიან გარეთ შემდეგის წყევლა-კრულვით: "ფუ! ფრთები დაგეწვათ მავნე სულებს! იცნონებით როგორც თეთრი და შავი ცხვარი, თორმეტ მთას იქით იყოს თქვენი ხსენება. წმ გიორგის ბეჭდით დადაღული ხართ, ბასრი იარაღით დასერილი გავთ ყველაფერი, ფიქალს დაადგით კბილები, ჩვენ კი ჯვარი გვეწეროს. წყლის ქვიშისა და ფიქალის გარდა საჭმელი სხვა ყველაფერი გაგიწყდეთ".
ამ დროს ოჯახის უფროსი ნაჯახის ყუას ქვაზე დაარტყამს რამდენჯერმე და იტყვის: "ასე გახმეს თქვენი მოზარდი თაობა!" სხვები მუგუზლებს დაარტყამენ ქვაზე და ზემოთ ნათქვამსვე იმეორებენ. ამას ასრულებენ ყოველი ოჯახი ყოველი დღის დილა-საღამოს ვნების კვირის ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს. ოთხშაბათს დაწოლის წინ ერთი დედაკაცი აირებს ქონის ნაჭერს, მოჰყვება და მთელ ოჯახს წააცხებს ქონს შუბლზე, კისერზე, გულზე, ხელისგულებზე, და ამბობს: ღმერთმა ბევრს აღდგომას დაგასწროთო!
         Back to top Go down
         samael
                        იმპერატორი
            იმპერატორი
samael

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: სვანების რწმენა (ლაზარე დადუნია, ბესარიონ ნიჟარაძე)   სვანების რწმენა (ლაზარე დადუნია, ბესარიონ ნიჟარაძე) Icon_minitimeThu Aug 16, 2012 6:11 pm

7
დიდი ხუთსაბათს დილას იგივე დედაკაცი ყველაზე ადრე დგება, შავის მატყლისგან ძაფს დაართავს უბრად. როცა ოჯახი ადგება, ძაფი მზად არის. ქალი ხმას არ იგებს, მივა თითოეულთან და ძაფს შეაბამს მაჯაზე, ქალებს წვივებზედაც; შეაბამამს აგრეთვე ავეჯეულობას. ამის მომთავრების შემდეგ ქალს ნება აქვს ილაპარაკოს. ეს ძაფი ყვე;ლას ზედა აქვს აღდგომა დილამდინა. წირვიდან დაბრუნების შემდეგ ძაფებს ცეცხლში ყრიან და ამბობენ: "ასე დაიწვას ჩვენი სნეულებაო!" ზოგან სნეულებიც ნაცვლად "დიდმარხვას" ამობებნ.
გიორგობას ოჯახი არაფერს არ გასცემს სახლიდან სანათხოვროდაც და არც რაიმე ნივთს დასტოვებს სხვაგან. იმ დღეს ჩვეულება უკრძალავს ხალხს მაღალი ხმით დაძახებას სახლში მყოფი კაცისას გარედან. ამავე ჩვეულებას მისდევს ხალხი: ა) ხვნის დაწყების დროს, ბ) ახალწელიწადს, გ)სამგზავროდ წასვლის დროს, დ)კალოობის დაწყების დღეს და სხვა.
გაზაფხულზე, როდესაც საქონელი პირველად მიუდით საბალახოზე, მწყემსი პატარა რკინეულს დააგდებს მინდორში. და იტყვის: "სანამ მე შენ არ მოგძებნო, მანამ ჩემი საქონელიც ნუ მოუძებნია ნადირსო"
როდესაც ოჯახიდან ვინმე მიდის მგზავრად, კარში გასვლისას ფეხებქვეშ ანთებულ მუგუზალს დაუგდებენ, ისიც მუგუზალს გადააბიჯებს, იქვე წაღმა შემოტრიალდება და პირჯვარის წერით გზაის დაილოცავს.
ასავე იქცევიან, როდესაც მონდირე სანადიროდ მიდის ან ოჯახიდან რაიმე შესაწირავი, შესალოცი მიაქვთ ეკლესიაში. პირველ ორ შემთხვევაში მგზავრს ან მონადირეს მავნე სული არ მიეკარებათ, უკანასკნელს შემთხვევაში კი მოკიდებული მუგუზალი ხალხს განწმენდის საშუალებად მიაჩნია...
ზოგიერთ სოფელში ორშაბათს მონაწველი ძროხის რძისაგან ამოწურულ ყველს მარტო ქალები ჭამენ, კაცებს არ ეჭმევაო, ძროხებს აწყენსო, ე. ი. ცოტას მოიწველებიანო.
ძუძუმწოვარა ბავშვს, თუ იგი ღამით სადმე წაიყვანეს სახლიდან, ნახშირს ან წასცხებენ შუბლზე - მავნე სული (მათხაფ) არ მიეკარებაო; ამავე მიზნით ბავშვს აკვანში უთუოდ რაიმე რკინეული უნდა ედოს.
მგზავრი ზოგიერთ გორზე მოტეხილ ხის ტოტებს აგროვებს, წაღმა ტრიალდება იქვე და კარგ მგზავრობას სთხოვს ღმერთსა. თედორეობას ქალი და კაცი ცოტა თმას მოიკრეჭს - უმისობა არ ვარგაო. ასევე უპარსავ ცხვარს ან მთლად პარსავს, ან ცოტა მატყლს მაინც შეპარსავენ. კვირა დღეს თმით მოპარსვა არ ვარგა - ღვთის წინაშე ადისო. ორშაბათ დღეს არც თავის ვარცხნა, არც კერვა არ ვარგა - საქონელს ნადირი შესჭამსო. როცა საქონელი ღამე გარეთ დარჩება, სამფეხა სკამს ბაწრით შეკრავენ - ნადირს პირი შეეკრებაო. სამშაბათს და ხუთშაბათს მზის ჩასვლის შემდეგ ქალები აღარა საქმიანობენ - საქონელი შეგვიმცირდებაო. 20 დეკემბრიდან 7 იანვრამდე ქალები კანაფს არ რთავენ - არ ვარგაო. 9 მარტამდე მინდვრებში მიწას არ მიაყრიან თოვლს (ლიდვაც) - მარტში ავდარი იცისო (ზოგიერთ სოფელში თოვლი რომ მალე დადნეს და ხვნა არ დაუგვიანდეთ, თოვლს ზემოდან მიწას მიაბნევენ - თოვლი უფრო ადრე დნებაო).
მთვარეს დიდი მნიშვნელობას აძლევს ხალხის ცრუმორწმუნეობა. ზეპირად იციან რამდენი დღის მთვარეა კარგი მოგზაირობისთვის და სხვა რამისთვის. მაგალითად, სამგზავროდ კარგიაო 3, 6, 7, 10, 16 და 20 დღის მთვარე. ყველა დღეს ორშაბათს ამჯობინებენ, თუ ამ დღეს მთვარეც 7 დღისაა.
ღორების პატრონად ხალხი რაღაც "ლაპატრას" თვლის. მეისრობას ყოველი მოსახლე ღორს კლავს, მის ენას და ერთ პურს საღორის კარზე შეალოცვენ "ლაპატრას, რომ ღორები გაამრავლოს".
ცხვრების გამრავლებას ხალხი ეხვეწება "სარეკელ დუცეშს" (დეც ცაა). ნადირის მოცემას მონადირე წმ. გიორგის სთხოვს, "დალს", "აფსათს" და "სგიმ-ბერ-მოძღვარს".
როცა სავსე კიდობნის ახდა უნდათ, პირველად გამოაცხობენ ერთ პურს, რომელსაც მეზობელი ქალი გობშივე უჩქმეტს ცერითა და სალოკი თითით. სამ თითს, რომლითაც პირჯვარს ვიწერთ, შუაში მოჰკიდებს და ნათითურებს დაამჩნევს. როცა ეს პური გამოცხვება, რომელსაც "ლიშგნის" (დახემსებას) უძახიან, მთელი ოჯახი ჩამოირიგებს, ცოტ-ცოტას ყველა დაიხემსებს - ერთს მოჰკბეჩს, შემდეგს გადასცემს. დახემსების დროს ფეხქვეშ ყველას დანა და ნახშირი უძევს და ამბობს: "ღმერთო ბარაქიანი ქენი ჩვენი კიდობანიო!" ამავე დღეს აცხობენ მეორე "ლიშგნისაც", რომელიც გარეშე კაცს, ვისაც ოჯახი ერთგულ და ბედნიერ კაცად იცნობს, უნდა ახემსონ. როდესაც, ეს პური გარეშე კაცთან მიაქვთ, კალთას გადააფარებენ - ცამ არ დახედოს, არ ვარგაო.
ძნაჩაშლილ კალოს ნაჯახით ან სხვა რამე რკინის იარაღით სდამჯერ შემოუვლიან და შემდეგ სიტყბეს ამობობენ: "ღმერთო კალოს ბარაქა მიეცი! ვისაც ჩემ კალოზე ცუდი თვალი და გული ჰქონდეს, შენ გაახმე, ამოაგდე მისი ძე და მომავალი... ჩემს კალოს ჯვარი დასწერე!" ხალხს სჯერა, რომ არის ჯადო (მოხადანი), რომელსაც ისეთი ძალა ავქს, რომ ერთის კალოდან მეორისაში უჩინრად გადაიტანს ხორბალს. მე ვყოფილვარ დამსწრე, რომ სოფელში ხატი ჩამოეტარებინოთ კარდაკარ და ყოველი მოსახლე დაეფიცებინოთ, სახლშI "მახადანი" (ჯადო) არ შეინახოთო, რომელიც ვითომ მქონებელს გაამდიდრებს და სოფელს კი ამოაგდებსო.
კაცს თუ ავი ზნე დაემართა, თოფის სროლითა და ხანჯლებით აშინებენ - ჰგონიათ ეშმაკც გამოვდევნითო ავადმყოფისაგან. ავადმყოფს ცხვირ-პირთან უხრჩოლებენ აგრეთვე მგლის ბალახს. როცა ავადმყოფი მორჩება მგლის კბილსა და დათვის კლანჭებს გამოჰკრავენ მეშში (დამუშავებული ტყავი) და ჩამოჰკიდებენ კისერზე. ამას ეძახიოან "ქისუმბურას" (კისერბმული).
გაზაფხულზე კვიცს რომ აჯობო, ფეხჩაცმული უნდა იყო, თორემ ფეხების ტკივილი იცისო; მწყემსაც ფეხჩაცმული უნდა შეხვდე, თორემ იგივე მოგივა, რაც კვიცის დაჯობინებისაგან. თიკანს რომ აჯობო, დანახვამდე ხმა არ უნდა გაიგონო; თუ გაჯობა თიკანმა, ვაჭარი გაჯობებს ლაპარაკში ვაჭრობის დროს. გოჭსაც დაჭყვრებამდე უნდა შეხედო, თორემ ნაჯობნი იქნება და მუცლის ჭუჭუნი იცისო. პეპელას მაშინ უნდა შეხედო, როცა აღმოსავალეთისაკენ მიფრინავს. გუგულს რომ აჯობო, დახემსებული უნდა იყო, პურნაჭამი, თუ გაჯობა, არაფერს შენ ნაქანარს ბარაქა არ ექნებაო; ამას ძლიერ უფრთხის ხალხი -შიმშილობა იცისო.გველს რომდაინახავ გაზაფხულზე, სახლში უნდა მოხვიდე და ცეცხლის დანახვამდინ ნაჭას (საქვაბეს) მოჰკიდო ხელი - გველის ჯობნა ცუდ გუნებაზე დააყენებს კაცსო. ბაყასყს რომ აჯობო, წყალში უნდა შეხედო, არჯობნამ, ფეხებსი ტკივილი იცისო. ახალი მთვარე რომ დაიბადება, გამოჩნდება, საჭიროა კაცზე დაინახო. რა ხასიათზეც შეხედავ მთავრეს, იმ ხასიათზე დადგები შენც მთვარის გამოცვლამდე. შემდეგი მთვარის დანახვისას ვერცხლი და რკინა უნდა ჩაიდო კბიოლებში - ვერცხლი მოასწავებს გულის სიწმინდეს, რკინა - სიმაგრეს. ახალი მთვარის მნახველმა ცეცხლის დანახვამდე პურის ნამცეცი უნდა შეჭამოს. თუ ჩხართვმა და ჩხიკვმა მარცხნივ დასძახა მგზავრს ან მონადირეს, ცუდად მიაჩნიათ - მგზავრს რაიმე უბედურება შეემთხვევა, ხოლო მონადირე ხელცარიელი დაბრუნდებაო; ამასვე უნდა მოელოდეს კაცი, თუ მწყერი აუფრინდა გზაზე. მგზავრისათვის ბაყაყის გზაზე გადახტომას არაფერი სჯობია. ნაახცალწლევს ყველაზე უწინ თოხიტარას მოკვლაა უკეთესი მონადირესათვის.
როცა ფეხთ იცავმ, პირველად მარჯვენა ფეხზე უნდა ჩაიცვა, უწინ მარცხენაზე ჩაცმა არ ვარგაო. ცეცხლი თუ შიშინებს, ავდარი იქნებაო; თუ მარცხენა ყური გექავება ავდარი იქნებაო, თუ მარკვენა - დარი. ხახის ცის ქავილმა დარი იცის. თუ მარცხენა წარბი გექავება, მგზავრობა არ ვარგა, თუ მარჯვენა -ნაფიქრალი აგისრულდება. მარცხენა ბეჭის ფეთქვა მოასწავებს კაცის სიკვდილის გაგონებას და ჩხუბს. ზედა ტუჩის ქავილი სასმლის დალევას მოასწავებს, ცხვირის წვერის ქავილი - ჯავრს, უსიამოვნებას. მუხლის თავის ხტომამ სატირლად დაჩოქება იცის. ცხვირის ნესტოების ქავილი მხიარულების მომასწავებელია. კატის პირის ბანა, თუ ყურიც მოატანა თათქვეშ, დარი იცის; ქათმები თუ იქექებიან ავდარი იქნებაო. ძუძუმაწოვარა ბავშცის თავზე ხელის ჩამოსმა კაცს სიკვდილს უქადის. საკლავის ბეჭზე (გარდა ღორისა) გამოიცნობენ: კაცს სიკვდილის ოჯახში, ოჯახი9ს უფროსის სიკვდილს, ვინმეს სიკდილს სოფელში, ახლობლობაში, ვაჟიშვილის შეძენას ოჯახში, ცეცხლის გაჩენას და სხვა რაიმე ფათერაკს.


(ბესარიონ ნიჟარაძე)
         Back to top Go down
         samael
                        იმპერატორი
            იმპერატორი
samael

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: სვანების რწმენა (ლაზარე დადუნია, ბესარიონ ნიჟარაძე)   სვანების რწმენა (ლაზარე დადუნია, ბესარიონ ნიჟარაძე) Icon_minitimeThu Aug 16, 2012 6:26 pm

8
ბარბალე
- ბაბარი, (შუმერულ ქართული ბარბარ - ბარბარე)
- ერთ ერთი უძველესი წარმართული ქალღმერთი - ქართულ (ძირითადად სვანურ) მითებში, მზის მოქცევის ადგილობრივი ღვთაება, დედობისა და ფურობის ასტრალური სახე. ეს ძალზე პოპულარული ქალღვთაება ნათლისა და ბნელის ბრძოლაში პირველს ემსახურება, ჩაბმულია კოსმოგონიურ მოვლენების რკალში, რადგან ზეგავლენას ახდენს მზის ბუნიობაზე, ებრძვის ციურ გველეშაპს, რომელიც ლამობს მზისა და მთვარი ჩაყლაპვას (კიდეც ყლაპავს ხოლმე მთვარეს და ამ დროს მთვარე სისხლისფრად ჩანს - ესაა მთვარის დაბნელების ახსნა სვანურ მითებში. შემდეგ მზე გველეშაპს ფატრავს სხივებით და ათავისუფლებს მნათობს).
უძველეს წარსულში მისი სახელობის თვე იყო დაალოებით იანვარი.
შუმერთა მზის ღვთაების ბაბბარის კავშირი ქართულ წარმართულ ბარბარესთან მზის ღმერთტან და ქალღმერთთან - უდავოა. სახელთა სხვადასხვაობის მიუხედავად მათი ფუნქცია და ხასიათი მთლიანობით ხასიათდება: ბარბარ - ბაბალე - ბარბარე - შამაში,
ენლილი - ლილე - და უთუ შეიძლება იწოდონ შუმერულ ქართული პანთეონის მზის ღვთებად. სვანეთში ბარბალეს სახე ღრმად დამკვიდრდა, შემდეგ შეცვალა ტარ-ღვთაებამ (" ტარ-ბედნიერმა"), ცხვრის მფარვლმა ღვთაებამ. კულტი მაინც დარჩა (ი .ჯავახიშვილი, ვ. ბარდაველიძე)

ბარბალეს საკულტო "გირგედს", მარმარილოს მრგვალ გამოსახულებას, "ხაჭაპურის გულს" უშგულის ღვთისმშობლის ეკლესიაში დღემდე ინახავენ უთუოდ მზის სიმბოლოს მნშვნელობა ჰქონდა, სენთან ბრძოლა ევალებოდა, ამიტომ უკლავდნენ ძროხას ან ხარს. მისი დღესასწაული ბარბალობა მზის მობრუნებასთან იყო დაკავშირებული. დიდ წმინდა სალოცავზე ბარბალ - დოლაშა ეძრვნებოდა სიმღერა, რაც მსხვერპლშეწირვის წინ სრულდებოდა და უდავოდ მზისა და ხარის კულტის შერწყმას გულისხმობდა:
"მზე შემოაქვთ რქებით ხარებს!! მზე შენია, ბარბალ - დოლაშ!!"
საკულტო ლოცვა სრულდებოდა ბარბალობას - სვანურად ბარბლობ, ბარბლაშ.
სარიტუალო შესაწირავი იყო რძის ფაფა, დიდი მრგვალი ხაჭაპურები (სვანურად მურგვალ ქუთ), ტაბლა (ლეჩხუმში) მრგვალი საგნები,
რომელნიც მზის დისკოს ემსგავსებიან: ნედლი წკნელის და მწვანე რტოების რგოლი, გვერგვი, გახვრეტილი კვირისტავი და სხვ...

მწვანე გრეხილის წკნელის რგოლები - "კირკვტაილები" სვანეთში განცხდაბ დღეს - ნათლიღებასაც იცოდნენ: სახლში ჰკიდებდნენ მრავლად. ეს სულ სოლარული (მზის) ატრიბუტებია. ღამით გამოცხობილ ხაჭაპურებს ბოსელში წაიღებდნენ,ან ფარეხში, იქვე ლოცულობდნენ და ჭამდნენ შინაურები, უცხოს არ უნდა ენახა.
თუ ამ რიტუალს რამე დააკლდებოდა, იმ წელს საქონელს ზიანი არ ასცდებოდა და "სულ უკუღმა მიდიოდა" პირუტყვი.

ანუ ჩვენ რომ ვიცით ლობიანების ცხობა ბარბარობაზე -
ეს წარმართული კულტის გადმონაშთია.

თან საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი
დეკემბერში ანუ 22 დეკემბერს ყველაზე მოკლე დღეა -
ანუ ამ დღის მერე ხდება "მზის შემობრუნება"
ანუ დღის ზრდა....
გარკვეულ წილად ეს სვანური რიტუალი ამასაც ასახავს..
         Back to top Go down
         Sponsored content
                       
           

   
      Профиль         
     
PostSubject: Re: სვანების რწმენა (ლაზარე დადუნია, ბესარიონ ნიჟარაძე)   სვანების რწმენა (ლაზარე დადუნია, ბესარიონ ნიჟარაძე) Icon_minitime

9
         Back to top Go down
 

სვანების რწმენა (ლაზარე დადუნია, ბესარიონ ნიჟარაძე)

View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

 Similar topics

-
» რაჭველთა რწმენა (სერგი მაკალათია)
» იმერელთა რწმენა (ჯულიეტა რუხაძე)
» ხევსურთა რწმენა (სერგი მაკალათია)

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
magnika :: ეზოთერიკა-
ზევით

ქვემოთ